logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე წალენჯიხის მერზე: ხარჩილავამ საკუთარი ნაბიჯებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე გვაჩვენა, რომელთაც შურისძიება ამოძრავებთ
- +

30 აგვისტო. 2022. 17:01

 

 

„დაბრუნება წარსულში... წალენჯიხის მერი საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, ის წალენჯიხის წარსულში დაბრუნებას ცდილობს, წარსულში სადაც პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია, შანტაჟი და ტერორი ჩვეულებრივი მოვლენა იყო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის დუმილი „ნაციონალურ სექტორთან“ თანაცხოვრებას და უკანონობის მხარდაჭერას ნიშნავს:

 

„წალენჯიხის მერად არჩევის შემდეგ, ხარჩილავას ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლება იყო, ახლა კი მასწავლებლები და საბავშვო ბაღის თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. საინტერესოა, რომ გათავისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. წალენჯიხის მერი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ კონსტიტუციის მე-11 მუხლს (აკრძალულია დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით). ცივილურ სამყაროში ადამიანის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაუშვებელია. ხარჩილავამ ხაზი გადაუსვა ადამიანის კომპეტენციას და გამოცდილებას, იმოქმედა მერკანტილური მიზნებით და პოლიტიკური შურისძიება განახორციელა. ჩვენ თუ ხარჩილავას ლოგიკას მივყვებით, „ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი უნდა გაათავისუფლოს, რადგან ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები არ არიან (ყველას გვყავს ასეთი ნაცნობები), მაგრამ ასეთი ქცევა დაუშვებელია, რადგან ის ეწინააღმდეგება თანამედროვე, დემოკრატიული მართვის პრინციპებს.

 

ხარჩილავამ საკუთარი ნაბიჯებით კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახე გვაჩვენა, რომელთაც შურისძიება ამოძრავებთ და მზად არიან, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიები განახორციელონ. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი არ გვყავს, მათი დუმილი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჰარმონიულ თანაცხოვრებას და უკანონობის მხარდაჭერას ნიშნავს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner