„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს ხვალ არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 56-ე და 110-ე ბრიგადებს, ასევე 53-ე და 93-ე ბრიგადებს.
„მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და მოუწოდა, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან. ზელენსკი სთხოვს მოსახლეობას, სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდონ ოკუპანტების შესახებ, რათა უფრო მალე მოხდეს ყირიმის გათავისუფლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა, არც ერთი მშვიდი ადგილი.
„ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.