უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინისა და ევროკავშირის სწრაფად მოქმედების შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება არა შორეულ მომავალში, არამედ ბევრად უფრო სწრაფად. ამის შესახებ მან ოთხშაბათს პრაღაში „ფორუმი 2000“-ის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციიდან, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინამ ერთი სრულად შეასრულა და დანარჩენების სწრაფად განსახორციელებლადაც მზად არის.
„დაგვიჯერეთ, ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე. ჩვენ ძალიან ერთგული ვართ ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად და შემდეგი კითხვაა არა რა იქნება შემდეგი, არამედ როდის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვიმსახურებთ ცოტა ოპტიმიზმს. რადგან ტრადიციულად, როდესაც ვინმე საუბრობს ევროინტეგრაციაზე, უკრაინაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამატებენ შემდეგს: „კარგი, ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, ამას შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს". მაგრამ იქნებ არა? სამი თვის წინ არავის სჯეროდა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყანა გახდებოდა. ჩვენ მოვისმინეთ იგივე ამბავი: „ამას, მრავალი წელი დასჭირდება...“ ახლა ჩვენ კანდიდატები ვართ, რეკომენდაციებს ვასრულებთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
მან გამოთქვა რწმენა, რომ თუ ორივე მხარე მზად იქნება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება სწრაფად მოხდეს.
„თუკი ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ სწრაფად, ევროკავშირმაც უნდა იმოქმედოს ასევე სწრაფად. როგორც თქვენ თქვით, შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდეს ერთ ღამეში, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ორ ღამეში და არა წლების განმავლობაში", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.