„რუსეთი სწრაფად კარგავს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. ამის გამო, მათ საარტილერიო და ჯავშანტექნიკის ჭურვების რაოდენობა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოეწურებათ“, - ამის შესახებ გამოცემა The Insider იუწყება.
რუსეთს აქვს საბჭოთა ჭურვები, რომლებსაც ის დღემდე იყენებს. თუმცა, ასეთ ჭურვებს აქვს „შენახვის ვადა“, რუსეთის არმია ამ პრობლემას ჯერ კიდევ 2002 წელს წააწყდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საბჭოთა საარტილერიო არსენალი უნდა ჩამოიწეროს, მაგრამ რუსული ჭურვების არსენალი თითქმის მთლიანად „შეიჭამა“. არამხოლოდ ორი ჩეჩნური ომისა და საქართველოში ხანმოკლე კამპანიის დროს, არამედ უკრაინაში 2014-2015 წლებში მიმდინარე სამხედრო კამპანიამაც და, ალბათ, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით სირიის კამპანიამ.
ახლა კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, აგრესორმა ქვეყანამ თითქმის ყველაფერი დახარჯა, რისი დაგროვებაც მანამდე მოახერხა.
გამოცემის თანახმად, 24 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციამ მინიმუმ 7 მილიონი ჭურვი დახარჯა. 2022 წლის ბოლოსთვის მოსკოვს ჭურვების რეალური დეფიციტი შეექმნება და ფულის დაზოგვის მიზნით, იძულებული იქნება შეამციროს არტილერიის გამოყენება.