ავტორი ბიძინა დვალი
ვინც შვეიცარიულ ბანკს გააშლევინა ხელები და... ფეხებიც, იმისთვის ვენეციის კომისიის პატარა „ტანცი-მანცი“ რა პრობლემა უნდა ყოფილიყო? „ჩვენი საყვარელი მეგობრის“, ჯანი ბუკიკიოს მიერ მარცხენა ხელით „გაიმასქნილი“ საქმეების ამბავი, დიდი ხანია, მთელმა საქართველომ იცის. ამ თემას სამი წლის წინ ერთი საკმაოდ ვრცელი მამხილებელი წერილი მივუძღვენი („ბუკიკიომ - კიო, მაგრამ...“ – 30.04.2019), ამიტომ ვაძლევ თავს თამამი დასკვნების კეთების უფლებას.
ვენეციის კომისიის ბოლო „მოკითხვის ბარათის“ მოკლე შინაარსიც და ვრცელი შინაარსიც ერთ წინადადებაში ეტევა - კანონთან სამართლებრივი შენიშვნები არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან „ზემოდან“ ნაბრძანებია, რომ პოლიტიკურად უნდა მოგაწვეთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ და ვწერთ, დოკუმენტი ნაჩქარევად არის მომზადებულიო(???!!!)... აი, ასე... არც მეტი, არც ნაკლები, ანუ არც ჭადრაკია და არც ბურთის ბადის იქით გადაგდება-გადმოგდება - ბრძოლაა წესების გარეშე.
ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ ის დრო, როცა სამედიცინო ინსტიტუტში მხოლოდ ფულიანი და გავლენიანი ხალხის შვილები ეწყობოდნენ. ვინაიდან ქიმიაში და ფიზიკაში ყველა ამოცანის ამომხსნელი და ყველა კითხვაზე პასუხის გამცემი აბიტურიენტისთვის ნიშნის დაკლება რთული ამბავი იყო, „საჭირო ადამიანების“ გასაყვანად საჭირო ბალანსის გამოყვანა ქართულ ენაში ნაშრომების (წერითი გამოცდის) შეფასებით ხდებოდა ხოლმე. შეიძლება ნაწერში ერთი წითელი ხაზიც არ ყოფილიყო და ავტორისთვის ოთხიანი ან სულაც სამიანი დაეწერათ. გაპროტესტების შემთხვევაში მზად იყო შესაბამისი კომისიის სტანდარტული პასუხი - თემა სათანადოდ ვერ გაშალაო.
ასეა ვენეციის კომისიის შემთხვევაშიც, ოღონდ ბატონი ბუკიკიო უფრო წინ წავიდა და „ქიმიასა“ და „ფიზიკაშიც“ აცხობს „რექტორატის“ დაკვეთილ ნიშნებს - „ნაჩქარევად არის მიღებულიო...“
ვინ ჰკითხავს ექსპერტს, თუნდაც ძალიან ავტორიტეტულს, საქართველოს ხელისუფლება კანონში ცვლილებების რომელ წესს გამოიყენებს? ამის განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობაა. რაიმე პროცესს დავაჩქარებ თუ არ დავაჩქარებ, პოლიტიკური გადაწყვეტილების თემაა და ამაზე პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ხელისუფლების უფლებამოსილებას წარმოადგენს. ექსპერტების საქმე სამართლებრივი შეფასებების კეთებაა.
თუ სამედიცინო ინსტიტუტის შემთხვევაში რექტორატი ცდილობდა, კულისებიდან ემართა სიტუაცია, რადგან იცოდა, რომ კანონის და სამართლიანობის წინაშე სცოდავდა, აქ სულ სხვანაირადაა საქმე - „რექტორატის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ქალბატონი დეგნანი, როგორც დავალებაზე გასულ სამხედროს შეშვენის (აქ იმის ხაზგასმა მინდა, რომ აშშ-ის ელჩის საქციელი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შორს სცდება დიპლომატიურ სტანდარტებს), ოპერატიულად გამოენთო და „გამსწორებელსაც“ (პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი) გადაეფარა და „საპროტესტო კომისიასაც“. მისი განცხადების შინაარსს ყველგან გაეცნობით, ამიტომ ციტირებას აღარ მოვახდენ და სტრიქონებს შორის რაც იკითხება, იმაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:
შესწორებებს მიიღებთ თუ არ მიიღებთ, სულ ცალ ფეხზე მკიდია. მთავარი ისაა, რომ მუდმივად უნდა გახსოვდეთ, თუ ვინ არის აქ მბრძანებელი და წესების განმსაზღვრელი. არ არსებობს წვრილმანი და მნიშვნელოვანი საკითხები, არსებობს ამერიკის იმპერიული ინტერესები და მოგიწევთ ამასთან შეგუება... მორჩა და გათავდა...
ფუი ეშმაკს და... ამას რომ ვუყურებ, სულ ის ავადსახსენებელი ბორის პასტუხოვი მახსენდება ხოლმე... გასართობად რომ გვქონდეს საქმე, ასეთ თამაშს შემოგთავაზებდით - იპოვეთ ათი განსხვავება კელი დეგნანსა და ბორის პასტუხოვს შორის, მაგრამ... სხვა დროს იყოს, ახლა ამისთვის ნამდვილად არ გვცალია - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ ჩართული...
ბიძინა დვალი
01.09.2022 წ.
P.S. მკითხველთან მართალი და პირნათელი რომ ვიყო, კელი დეგნანისა და ბორის პასტუხოვის შედარებითი დახასიათების კონტექსტში, ერთ მნიშვნელოვან კითხვას მე თვითონ უნდა გავცე პასუხი: მოსკოვის კრემლის წარმომადგენელი ვაშინგტონის კრემლის წარმომადგენლისგან განსხვავებით, დემოკრატიობანას არ გვეთამაშებოდა და არასდროს არანაირად არ ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ხელების უხეში ფათური ჩვენთვისვე იყო კარგი.