„მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების მუშაობს ბოიკოტს უცხადებს, ისინი დახურულ ფორმატში, 12-პუნქტიანი გეგმის ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობენ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძე ოპოზიციური პარტიების ქმედებებს პოპულიზმს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მიზანია, შექმნან ალტერნატიული რეალობა, რათა საზოგადოებას მუშაობის ილუზია შეუქმნან:
„ევროკომისიის რეკომენდაციაში ცალსახად იყო ნათქვამი, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ოპოზიციის ქმედება ხელს უშლის რეკომენდაციის პირველი პუნქტის შესრულებას, ოპოზიციის მიერ შექმნილი ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები, ალტერნატიული კანონპროექტები და ა.შ. ზრდის პოლარიზაციას, ძირს უთხრის საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას!
მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ შექმნილი სამუშაო ჯგუფები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ღიაა, ოპოზიციამ ღია კარის მტვრევის პოლიტიკა აირჩია, რადგან მათთვის პოპულიზმის გარეშე აქტიურობა მიუღებელია, სწორედ პოპულიზმია მათი ქმედება, შექმნან ალტერნატიული რეალობა, საზოგადოებას მუშაობის ილუზია შეუქმნან. რეალურად ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, მათ არ აქვთ უნარი პროცესებს გლობალურად შეხედონ, აკეთონ საქმე რომელიც ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს.
ევროკავშირის რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, შესრულდება. ოპოზიციის მცდელობა - შეაფერხონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მცდელობადვე დარჩება. ოპოზიციის ქმედება, რომელსაც საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებთან, გაოგნებას იწვევს, როგორც საქართველოს მოსახლეობაში, ასევე, მათ საერთაშორისო პარტნიორებში, რომლებიც პირად საუბრებში ოპოზიციის საქმიანობასთან დაკავშირებით გაკვირვებას ვერ მალავენ“, - ამბობს ჩიხელიძე.