logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვეს
- +

1 სექტემბერი. 2022. 22:12

 

 

 

„გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა  დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „წარმატებული ემიგრანტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და „დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია.

 

„მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სიტყვით მიმართა და  თანამემამულეებისთვის პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„გულისამაჩუყებელია ეს ყველაფერი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხალხის გვერდით ვდგავარ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გაცილებით დიდი მნიშვნელობის და წონის მატარებელია ჩვენს ცნობიერებაში, ვიდრე შეიძლება თქვენ ამას უშვებთ. უზარმაზარი ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერაა იმ ხალხისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, რომ ასეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არსებობენ და იმ საქმეს აკეთებენ, რაც უამრავ ოჯახს გაყვება როგორც მაგალითი, როგორ უნდა გაზარდონ შვილი და მომავალი თაობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. მან დიასპორელ წარმატებულ ექიმებს მადლობა გადაუხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, გაწეული დახმარებისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, საპატრიარქოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, ვუთხრა მთელ ჩვენს დიასპორას, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ დღეს მხოლოდ ერთ ნაწილს ვხვდებით. აქ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, ვისაც თქვენმა პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა, თქვენმა ადამიანობამ და ჩვევებმა და გარემოებებმა გიბიძგათ და მოგცათ საშუალება, დამდგარიყავით გაჭირვებული ადამიანების გვერდით. სხვა მხრივ ჩვენ გვყავს უამრავი წარმატებული, ნიჭიერი, სახელოვანი დიასპორელი. კარგად იცის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ, საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა, რომ ძალიან მალე უნდა გავაკეთოთ დიდი ფორუმი, სადაც მოვიწვევთ ყველა თქვენს ღირსეულ თანამემამულეებს, დიასპორელებს, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რამხელა ნიჭია იმ ტერმინში, რასაც ჰქვია „ქართული დიასპორა“.

 

დიდ მადლობას გიხდით ყველას ამ შესაძლებლობისთვის და მადლობას ვეტყვი დღევანდელ ჩვენს მხარდამჭერებს ბიზნეს-სექტორიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ეს გადამდები იქნება სხვებისთვის და ერთად ბევრ და დიდ საქმეებს გავაკეთებთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

საზეიმო ღონისძიებაზე პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის, თანამოქალაქეების დახმარებისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მედიკოსები და ის ადამიანები, რომელთაც შემოწირულობა გაიღეს, პარლამენტის წევრებმა დააჯილდოვეს.

 

ღონისძიების ორგანიზატორმა, საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ დამფუძნებელმა, ინა ასანიძემ   საქართველოს პარლამენტის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბექა ოდიშარიას მადლობის სიგელი გადასცა.

 

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიალს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“ უკვე მეხუთე, საიუბილეო წელია, რაც  ემიგრაციაში მყოფ,  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  წარმატებულ  თანამემამულეებს აჯილდოვებს. წლევანდელი  ღონისძიება  პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართულ „კრიზის მართვის ცენტრებში“ გაერთიანებულ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში უცხოეთში მყოფ  თანამემამულეებს დახმარება გაუწიეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner