თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო, მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ბავშვთა სახლებიდან გასული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულწლოვანობის გამო ტოვებდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, სადაც იზრდებოდნენ.
ეს 18-21 წლის ახალგაზრდები, უმეტეს შემთხვევაში საცხოვრისის გარეშე დარჩენილები, ვერც პროფესიას ეუფლებოდნენ და ვერც დასაქმებას ახერხებდნენ.
სწორედ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს და თვეში 500-ლარიანი ვაუჩერის სახით დაუფინანსებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას.
ახალი პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან თბილისში რეგისტრირებული 18–დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთი წელი, თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ.
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდებთან შეთანხმებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენას სრული საცხოვრებელი პირობებით- სამეცადინო/სამუშაო ოთახით და სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას.
ასევე, გათვალისწინებულია ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა; ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, საჭიროებისამებრ და არსებობის შემთხვევაში ოჯახთან მუშაობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფინანსებისა და დროის მენეჯმენტის სწავლება; სამოქალაქო და არაფორმალური განათლების დონის ამაღლება და პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა.
ბენეფიციარის პროგრამაში ჩასართავად გადაწყვეტილებას იღებს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ რეგიონული საბჭო.”