logo_geo
eng_logo
პოლიციამ აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
- +

3 სექტემბერი. 2022. 11:12

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 2 პირი დააკავეს, 1 პირი კი ამხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია ნ.ტ.-ის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები.

 

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად.
სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.

 

ამავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner