„რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა 15 სექტემბრისთვის დონეცკის მთელი რეგიონის დაკავების ბრძანება გასცა. ფრონტის ამ ნაწილში საომარი მოქმედებები გაძლიერდება და ყოველდღიურად გაიზრდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინმა გასცა ბრძანება 15 სექტემბრისთვის დონეცკის ოლქის აღების. ანუ მათ დარჩათ ორი კვირა. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტები აქტიურდებიან და უკვე გააქტიურდნენ გარკვეული მიმართულებით. ანუ შეეცდებიან შეასრულონ ის დავალება, რაც მათ მიეცათ, ამას, რა თქმა უნდა, არ შეასრულებენ, მაგრამ მთავარ მიმართულებებზე ბრძოლები გაძლიერდება უახლოეს დღეებში, ორი, სამი, ოთხი და შეიძლება ორი კვირაც კი.
მიმართულებები არ შეცვლილა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა - მესამე კორპუსი აშკარად იქ იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, შესაძლოა, ოკუპანტები გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
არესტოვიჩმა დასძინა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები ამჟამად მიმდინარეობს დონბასში, კერძოდ ბახმუტთან, ავდიივკასთან, ვუგლედართან, მარინკასა და სხვა ქალაქებთან. პარალელურად რუსებმა ხარკოვს და ნიკოლაევს დაარტყეს.