ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის წევრებს - სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდს, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ტონინო პიცულას შეხვდა.
ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა, ასევე, გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროსთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებისას, მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში 31 აგვისტო-2 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები,ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.