უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ცა რუსული რაკეტებისგან დაიცვას.
„დღეს ჩვენს საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვს - ჩამოგდებულია კალიბრები, ოკუპანტების თავდასხმის ვერტმფრენები, დრონები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ცის ყველა დამცველს აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობიდან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყოველი ასეთი შედეგი ნიშნავს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას და შესაძლებლობას არ შეშინდეს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაიცვას. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას გვერდში უდგას და ეხმარება.
„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც მათთვის პასუხის გაცემაში გვეხმარება. უკრაინის საჰაერო თავდაცვაში დახმარება ყველაზე პირდაპირი, ყველაზე აშკარა გზაა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.