აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას იყო. მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა, ეს მხარდამჭერებთან მისი პირველი შეხვედრა იყო.
გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მის წინაღმდეგ იარაღად იყენებს. ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, ჩხრეკა იყო „ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევა“.
„როგორც იცით, ამ კვირაში ჯო ბაიდენი ჩამოვიდა ფილადელფიაში, პენსილვანიაში, რათა წარმოეთქვა ყველაზე ბოროტი, სიძულვილით სავსე და უთანხმოების გამომწვევი სიტყვა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამს ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც ტალახს ესროდა 75 მილიონზე მეტ მოქალაქეს და მათ დემოკრატიისთვის საფრთხეს და სახელმწიფოს მტრებს უწოდებდა. ის არის სახელმწიფოს მტერი. გინდათ, გითხრათ სიმართლე? სახელმწიფო მტერი არის ის თავად და ის ჯგუფი, რომელიც მას აკონტროლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა თავისი თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს დასაწყისში ფლორიდაში მის რეზიდენციაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე ისაუბრა, ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია აგენტებმა 9 აგვიტოს გაჩხრიკეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.