„Evening Standard“ სამხედრო თემების ჟურნალისტის, რობერტ ფოქსის ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ქალაქ ხერსონთან დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებია მიმოხილული.
„ქალაქ ხერსონზე უკრაინელების მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებული კონტრშეტევის ისტორია იმდენადვე სიმბოლურია, რამდენადაც არსებითი. მათმა [უკრაინელების] ძალებმა შეუტიეს 80-კილომეტრიან ფრონტს და მიზანში ჰქონდათ ხუთი ან ექვსი საკვანძო პუნქტი, რათა იზოლაციაში მოექციათ და გაენადგურებინათ რუსული ძალები ხერსონში. ხერსონი პირველი დიდი სტრატეგიული ქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს სამხრეთ უკრაინაში, 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის შემდეგ. შეიარაღებული ძალების მტკიცე რჩევის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, 1 სექტემბრამდე მომხდარიყო იერიში ხერსონზე - რუსეთის მიერ დაკავებულ ქალაქზე“, - წერს ავტორი.
ფოქსი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, შეეტიათ ხერსონის მიმართულებით, ნაჩქარევი იყო.
„სამხედრო მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინას, წარმატების უზრუნველსაყოფად, სჭირდებოდა უფრო სრულად გაწვრთნილი ძალები, ტაქტიკური და სტრატეგიული რეზერვებით. ზელენსკიმ სასწრაფოდ მოქმედება მოითხოვა, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის განცდა ძირს უთხრის მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას“, - წერს რობერტ ფოქსი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, უკრაინას ჯერ კიდევ ჰყავს მაღალკვალიფიციური და ძალიან გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები, თუმცა, სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის რაოდენობით, რუსეთი უპირატესობას ინარჩუნებს.