შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა.
ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები.
სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის I ნაწილით.
https://www.youtube.com/watch?v=aKVsfqVWsnQ