პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიელების მიერ მირწეულ წარმატებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე.
„ბრაზილიაში დასრულდა ოლიმპიური თამაშები, რომელმაც ქართველ ხალხს არაერთი ბედნიერი წუთი და ემოცია მოუტანა. ქართველი სპორტსმენები და დელეგაციის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები საუკეთესო საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. რა თქმა უნდა, სპორტის მესვეურებმა უკეთ იციან - რომელიმე ოლიმპიურ სახეობაში შესაძლოა უკეთესი შედეგი მიგვეღო, მაგრამ 4 წელი ჯერ წინ გვაქვს, რათა ამ ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით უკეთ მოვემზადოთ და მომავალში, 2020 წელს ტოკიოში, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიოთ.
მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რის გამოც თავს უფლება მივეცი ეს განცხადება გამეკეთებინა და ამ მხრივ არავინ მინდა გამოვყო, არც ჩემპიონები და პრიზიორები და არც ათლეტები, რომლებიც ამ წარმატებას მომავალში მიაღწევენ. ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა და შევახსენო, რომ მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ჩვენს დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან ერთად. ასე ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ვიცავთ და განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს! შორეულ ბრაზილიაში თქვენ სამშობლოს ნამდვილ ელჩებად წარდექით, კეთილი ნების ელჩებად, რომლებმაც ღირსეულად წარადგინეს პატარა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი სპორტსმენების, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენელთა ნებისმიერი წარმატება მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიღწევას წარმოადგენს.
საქართველოს ნამდვილად აქვს სიამაყის საბაბი. ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო, დასამახსოვრებელი ასპარეზობა მათი, ვინც საპრიზო ადგილები ვერ დაიკავა, მაგრამ ღირსეულად გამოვიდა ოლიმპიადაზე. ამით დაგვამახსოვრდება რიო-დე-ჟანეიროს თამაშები. მსოფლიო სპორტის ამ ზეიმზე, აჟღერებულმა საქართველოს ჰიმნმა არაერთხელ აგვიჩქარა გულისცემა. ვამაყობთ ჩვენი ნაკრებით! გულითადად ვულოცავ მთელ ჩვენს ქვეყანას ამ წარმატებას!"- აღნიშნავს ჯაფარიძე.