„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება“, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
31-გვერდიან დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა „დაიცვას და წინ წაიწიოს რუსული სამყაროს ტრადიციები და იდეალები“.
„რუსეთი მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თავის თანამემამულეებს მათი უფლებების დაცვაში, მათი ინტერესების გატარებასა და რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში“, - ნათქვამია დოქტრინაში.
პუტინი წლების განმავლობაში ხაზს უსვამს იმას, რომ 25 მილიონი ეთნიკური რუსი რუსეთის ფარგლებს გარეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში „ტრაგიკულად ცხოვრობს“ და რომ „მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია“.
ახალ დოქტრინაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს თანამშრომლობა სლავურ ერებთან, ჩინეთთან და ინდოეთთან და კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირები ახლო აღმოსავლეთთან, ლათინურ ამერიკასა და აფრიკასთან.
გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ მოსკოვმა კიდევ უფრო უნდა გააღრმაოს კავშირები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და დონეცკისა და ლუგანსკის დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან.