ევრობასკეტზე, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრების მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, გუშინ არაფრისგან არასახარბიელო სიტუაცია წარმოიშვა, რომლის არიდება ორივე მხრიდან იყო შესაძლებელი. ერთის მხრივ, შეგვეძლო სხვანაირად გვემოქმედა, პროვოკაციებსა და ემოციებს არ ავყოლოდით.
თუმცა, ვიმოქმედეთ, როგორც ადამიანებმა, კაცებმა და გამოვხატეთ ჩვენი ემოცია.
როდესაც კონფლიქტი წარმოიშვება, იგი აუცილებლად მოედანზევე უნდა დარჩეს. ოპონენტი გუნდის მოთამაშე საკუთარი მეგობრების, ოჯახისა და ათასობით გულშემატკივრის წინაშე, გვირაბში გაყოლასა და იქ ჩხუბის გაგრძელებას არ უნდა გთხოვდეს.
მაშინ, როდესაც ჩვენი გასახდელისკენ მივდიოდით, პროვოკაციები გვირაბის მეორე მხრიდან კვლავ გრძელდებოდა. მოგვმართავდნენ ყველანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ.
ამასთანავე, თურქული მედიის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა რადიკალურად განსხვავებული სურათი შექმნეს, რომელმაც ჩვენი და ჩვენი ოჯახების მიმართ აგრესია გამოიწვია. აგრესია, რომელიც შეიცავს გამაღიზიანებელ მესიჯებსა და სასიკვდილო მუქარებს“, - წერს თორნიკე შენგელია.
თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას სანაძესა და ქორქმაზს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის გამოც მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს.
მომხდართან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.