logo_geo
eng_logo
ქართული პოლიტიკური სამართალი ამერიკული აქცენტებით (ციკლიდან „გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა“)
- +

6 სექტემბერი. 2022. 14:20

 

 

პოლიტიკურად ცოცხალ-მკვდარი აგვისტოს მერე გადავწყვიტე, ახალ პოლიტიკურ სეზონს  ახალი თემა შევაგებო. უფრო სწორად, საკმაოდ ძველი, მაგრამ სრულიად ახალი რაკურსით. საქმე ეხება ე.წ. პოლიტიკურ სამართალს. დღეს ეს თემა მთავარი პოლიტიკური იარაღია ნაცოპოზიციისა და მისი არაფორმალური მმართველის, ელჩი დეგნანის ხელში. მთავარი პოლიტიკური იარაღია, ოღონდ გამოგონილი შინაარსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ ამ და მსგავსი თამაშების გაშიშვლება უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ თემებზე ყველა სიმართლის მთქმელის ამოცანას.

 

პირდაპირ საქმეზე გადავალ. პირველი, რაც მინდა ვთქვა - სრულად ვიზიარებ შეფასებას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანწილად არის დაქვემდებარებული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ კელი დეგნანისა და მისი დამკვეთების მთავარ მამხილებელ გარემოებას, მთავარ მამხილებელ არგუმენტსაც, სიტყვა-სიტყვით, ამ წინადადების შინაარსი წარმოადგენს. დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, აქვე განვმარტავ, რომ ჩემი შეფასებისა და დეგნანელების შეფასების ვექტორები ერთმანეთთან აბსოლუტურად არის აცდენილი, ანუ ერთი და იგივე სიტყვათა წყობა სრულიად განსხვავებულ ხედვებს გამოხატავს.

 

მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ საკითხს: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქართული სასამართლოს მიერ წარმოებულ საქმეებში პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების მოძებნა შეუძლებელია, უბრალოდ, მათი არარსებობის გამო. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუციების დასკვნებიც და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. ქალბატონი დეგნანის, ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი „მეგობრისა“ და კოლექტიური ნაცმავნებლების ჰაერზე ნასროლი შეფასებები არასდროს ყოფილა ფაქტებით გამაგრებული და როგორც თვითონ არაერთხელ უღიარებიათ, ისინი, ყოველ ჯერზე, მხოლოდ აღქმების შექმნას ემსახურებოდა, პოლიტიკური მიზნების ინტერესიდან გამომდინარე.

 

შეამჩნევდით, წინა აბზაცში საგანგებოდ გამოვყავი ორი სიტყვა - „წარმოებულ საქმეებში“. პრობლემა სწორედაც რომ არწარმოებულ, თაროზე შემოდებულ, გაყინულ საქმეებშია(!).

 

ვიდრე კონკრეტიკაზე გადავალ, ანალიზის სისრულისთვის, მინდა ერთად გავიხსენოთ ზემოხსენებული „მეგობრების“ ძალისხმევით ციხიდან გამოშვებული უგულავას, რურუას, მელიას, ოქრუაშვილის „ქეისები“, რაც ასევე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს და მხოლოდ ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვას ემსახურებოდა საკუთარ ამომრჩეველში. ამავე კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ერთობ შერბილებული განაჩენიც.

 

ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პრობლემების მთავარ საფუძველს მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული ნაცპარტიის  პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაა. ხალხი თვლის, რომ მკვლელების, მძარცველებისა და მწამებლების პოლიტბანდას სათანადოდ არ მოეთხოვა პასუხი და სამართლიანობის აღდგენის პირობა სამართლებრივი გზით მათი ამ სივრციდან გაძევება უნდა ყოფილიყო.

 

საზოგადოების შეფასებებში ყველაზე მძიმე განწყობას შექმნილ ვითარებასთან შეგუების იძულება ბადებს, რაც საქართველოს „დასავლელი მეგობრების“, საღი აზრის პოზიციებიდან  სრულიად გაუგებარი, დამოკიდებულებებით არის განპირობებული.

 

უკვე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, რომ ამერიკის პოლიტიკურმა მმართველობამ იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება, „სტრატეგიულ პარტნიორთან“, კავაკასიაში ერთადერთ საყრდენ სახელმწიფოსთან, პოლიტიკური პროცესი ემართა „ჩვენი ნაძირალების“ მეთოდის გამოყენებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ, ქართველი ხალხი გაგვიმეტეს კოლონიური ყოფისთვის, რომელსაც ხან გასაცვლელი ნივთის როლი უნდა შეესრულებინა, ხან საზარბაზნე ხორცის.  

 

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავდაყირა დააყენეს „ვაშინგტონის კრემლის“ გათვლები. მიუხედავად იმისა, რომ თავმოყვარე ერისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი გეგმების სრული ლუსტრაცია მოხდა, მათი ავტორები მაინც განაგრძობენ მათთვის მისაღები და ქართველებისთვის საზიანო მიზნებისკენ სწრაფვას.

 

„გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა“ - ასე შეიძლება ეწოდოს ელჩი დეგნანის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართვად პროცესს.     

 

ამ გეგმის ნაწილია პოლიტიკური სამართალი ამერიკულად. „მეგობრების“ მიერ ტაბუდადებული საქმეები მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს შექმნის პროცესს, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის დემოკრატიული სისტემის განვითარებას. მაგალითად, სრულიად გაუგებარია პარლამენტში შეჭრის მცდელობის საქმის თაროზე შემოდება, მაშინ როცა ანალოგიური საქმისთვის ასობით ამერიკელი სასამართლოში თავის რიგს ელოდება. ორმაგ სტანდარტს რომ თავი დავანებოთ, თურმე ის დაცინვაც მორჩილად უნდა გადავყლაპოთ,  ქალბატონი ელჩი მომხდარ მძიმე დანაშაულს ცინიკურად „გავრილოვის ღამეს“ რომ უწოდებს.

 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ მელიას, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვათა საქმეები არ არის პერსონალური დანაშაულები. ამავე დროს, აღნიშნული დანაშაულები განგრძობადია და დღესაც გარედან და შიგნიდან შეთანხმებულად მართვადი, არეულობაზე გათვლილი პროცესის მთავარი შემადგენელია.

 

კარგია, რომ პოლიტიკაში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, კულისებში დაგროვილი სიბინძურის გამოტანა რომ გაუხდია მიზნად. ისინი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ თუ მის გარეშე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, რას ამბობენ. რეალობის ობიექტური შეფასებიდან გამომდინარე, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილი-მაჭარაშვილის გუნდმა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, სასამართლოზე გარედან პოლიტიკური ზეწოლის თემას უნდა დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება. ხელოვნური კრიზისების დაძლევის ინტერესიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხი თვითონ ითხოვს დაჩქარებული წესით გადაწყვეტას:

 

  1. წაგებულ ომზე გამდიდრებული კეზერაშვილისა და სხვათა მიერ ნაქურდალი მილიარდებით ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული, სახელმწიფო გადატრიალებაზე ორიენტირებული ტელევიზიების საქმიანობის უზრუნველყოფა;

 

  1. უცხო ქვეყნების მხრიდან, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზებით საქართველოს პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რაც გულისხმობს ძირითადად ამერიკელი და მცირედით ევროპელი გადამხდელების ფულით პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილე სუბიექტების უწყვეტად ასეულობით მილიონი დოლარით დაფინანსებას;

 

  1. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აგვისტოს ომის საქმე - მთელმა საქართველომ იცის, რომ სააკაშვილისა და ნაცხელისუფლების მიერ მოხდა რუსეთისთვის ძირძველი ქართული მიწების გეგმაზომიერი გადაცემა. პარადოქსია, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დანაშაულზე საქმეც კი არ არის აღძრული.

 

მე რომ პოლიტიკაში ვიყო, ასე მოვიქცეოდი: ევროსაბჭოს ცნობილი მოღალატეობრივი რეზოლუციის შემუშავებისა და მხარდაჭერის გარემოებების შესწავლის მიზნით, მოვითხოვდი საპარლამენტო კომისიის შექმნას. კომისია უცილობლად დაადგენდა ორი შესაძლო დანაშაულიდან ერთ-ერთის არსებობას - ან ნაცდელეგაციამ საქართველოს სახელმწიფოს დააბრალა არარსებული მძიმე დანაშაული, ან მაშინდელი ხელისუფლების მიერ მართლაც გაიცა ბრძანება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ, რასაც მოჰყვა საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის კასეტური ჭურვებით დაბომბვა. შემდგომ ამისა, საქმე გადაეცემა შესაბამის ორგანოებს და ა.შ. და ა.შ. და ასე მივალთ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე.

 

დამეთანხმებით, მიდგომა სამართლიანიცაა და რეალისტურიც. კარგად მესმის, დიდი ზურგი რომ არა, საქმე აქამდეც მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე და ეს დიდი ზურგი ამერიკის ადმინისტრაციაა, რომელმაც მარწუხებში მოქცეული „თავისი ნაძირალები“ არ გაწირა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. როცა „სტრატეგიული პარტნიორი“ ისე გაიჭრა ჩარჩოებიდან, რომ ღიად გვექაჩებოდა წინასწარ განწირულ ომში ჩართვისკენ, სახელმწიფოებრივ ღირსებას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც თავის დაცვის ინტერესი მოითხოვს ამგვარ აქტივობას.

 

რაც ზემოთ ითქვა, საქართველოში ამერიკული პოლიტიკური სამართლის თემის გაშლისთვის, დასაწყისისთვის, ვფიქრობ, სრულიად საკმარისია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უნდა ვიჩქაროთ, რადგან საფრთხეს ჯერაც არ გადაუვლია.

 

ბიძინა  დვალი

04.09.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner