logo_geo
eng_logo
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს შორის სამუშაო შეთანხმებას ხელი მოეწერა
- +

6 სექტემბერი. 2022. 16:47

 

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ევროკავშირის სააგენტოს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA)  დირექტორმა ალექსის გუზდელმა. შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნათელ მაგალითს და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

 

სამუშაო შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მონაცემთა შეგროვების სისტემის მხარდაჭერას. ამასთან,  შეთანხმება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის საპასუხო მექანიზმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების, ნარკოტიკულ საშუალებათა ავადმოხმარების პრევენციისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის, ასევე, გადამდები დაავადებების პრევენციისა და ზიანის შემცირების მიმართულებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ნარკოტიკების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა და მისი გაძლიერება მხარეთა შორის თანამშრომლობის დამატებითი საკვანძო მიმართულებაა.

 

EMCDDA-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა უკვე წლებია, გრძელდება და ევროპულ სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ჰუმანური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.

 

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2020 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და ის EMCDDA-ს ანალოგია ეროვნულ დონეზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესწავლის, შეფასებისა და მტკიცებულებების ანალიზის ხელშეწყობას ემსახურება.

 

EMCDDA-ს დელეგაცია საქართველოს 15 სექტემბერს დატოვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner