ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენ განცი იერუსალიმთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების თაობაზე ისრაელის ექსპრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხობს და ხაზგასმით ამბობს, რომ „არ შეიძლება იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქი იყოს“. აღნიშნულის შესახებ jpost იტყობინება.
„იერუსალიმი არის ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი. ეს ასე იყო და ასე იქნება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ნეთანიაჰუს ტვიტზე.
ნეთანიაჰუმ ტვიტერზე გამოაქვეყნა ინტერვიუს სათაური, სადაც ბენ განცმა საუდის არაბეთის ერთ-ერთ გაზეთს 2020 წელს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში განცმა თქვა, რომ „ერთიან იერუსალიმში პალესტინის დედაქალაქისთვის ადგილი იყო“. ამის შემდეგ კი მან განმარტება გააკეთა.
ნეთანიაჰუმ კი დაწერა: „პასუხია არა“.
განცმა რადიო ინტერვიუში განმარტა, რომ მან ეს კომენტარები გააკეთა იმ დროს, როდესაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა თავისი სამშვიდობო გეგმა.
განცის თქმით, არ სჯერა, რომ პალესტინელებთან რაიმე შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი.
„უნდა მოხდეს კონფლიქტის წერტილების შემცირება და პალესტინის თვითმმართველობის გაძლიერება საკუთარ საქმეებზე, განსაკუთრებით მათ შიდა უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა განცმა და დასძინა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.
მან ასევე თქვა, რომ ის არ იყო იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა.