თბილისის მერია ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებზე სისტემატურ ფიტოსანიტარიულ მონიტორინგს ახორციელებს. გეგმიური შემოწმებისას ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონიტორინგის ჯგუფმა გამხმარი ხეები დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ხე-მცენარეები წარმოადგენს საფრთხეს როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საშიშროება გამხმარი და დაზიანებული ხეების წაქცევისა საკმაოდ დიდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე.
ამასთან, გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამხმარი ხეების მოჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.