1 სექტემბრიდან ტელეკომპანია ჯი-დი-ესი ახალ გადაცემას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ეთერში 11 გამოშვება გავა და ყველა მათგანის სტუმარი „ქართული ოცნების" პარტიის დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„ამ გადაცემაში მარტო ბიძინა ივანიშვილი იქნება [სტუმარი] და, მე როგორც ვიცი, ჯი-დი-ესი მეორე პროექტზე მუშაობს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას დაეთმობა დრო", - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი.
მისივე განმარტებით, მუშავდება პროექტის სახელი, ჯერ უცნობია გადაცემების ეთერში გასვლის ზუსტი დროც, თუმცა ცნობილია, რომ გადაცემის მეორე წამყვანი ნათია თოიძე იქნება.
„ეს იქნება ჯი-დი-ესის წინასაარჩევნო პროექტი, რომელიც მოიცავს, ჯამში, 11 გადაცემას და კვირაში ორჯერ გავა. ამ გადაცემის წამყვანები ვიქნებით მე და ნათია თოიძე და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იქნება ეს გადაცემა. პირველი გადაცემა დაიწყება ბათუმიდან 1 სექტემბერს და ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ წამყვანების შეკითხვების გარდა ივანიშვილი რეგიონული მედიების შეკითხვებსაც უპასუხებს. რომელ რეგიონშიც ჩავალთ, მოვიწვევთ ყველა ადგილობრივი მედიასაშულების წარმომადგენელს. საათნახევრიანი იქნება გადაცემა. გვექნება პირდაპირი ეთერი", - აცხადებს ფეიქრიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილი ჯი-დი-ესზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვირაში ერთხელ 20:30-შიც მონაწილეობდა ხოლმე, თუმცა შემდეგ ეს პროცესი შეწყვიტა. ზაფხულის განმავლობაში მან არაერთხელ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აპირებს დაეხმაროს მის მიერ დაფუძნებულ პარტიას.