logo_geo
eng_logo
„დასახიჩრებულია და წამების კვალი აღენიშნება“ - რუსეთმა უკრაინას ბრიტანელი მოხალისის ცხედარი გადასცა
- +

8 სექტემბერი. 2022. 00:11

 

 

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრიტანელი მოხალისე პოლ ურის შესაძლო წამებისა და მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

კოსტინის თქმით, გამოძიება მყისიერად დაიწყო.

 

„წინასწარ დადგინდა, რომ აპრილში, ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა უკანონოდ დააკავეს მოხალისე, თავისუფლება აღუკვეთეს და იძულებით გადაიყვანეს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა გენპროკურორმა.

 

კოსტინის თქმით, მხოლოდ 1,5 თვეზე მეტი მოლაპარაკების შემდეგ რუსულმა მხარემ მოკლული მოხალისის ცხედარი უკრაინას დაუბრუნა.

 

„მოხალისეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რაც არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ეს გამხდარიყო მისი დაღუპვის მიზეზი. ცხედარი არასათანადო პირობებში იყო შენახული და არის დასახიჩრებულ მდგომარეობაში. გარდაცვალების და სხეულის დაზიანებების რეალური მიზეზები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება“, - განაცხადა გენპროკურორმა.

 

გენერალურმა პროკურორმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობას ის პირადად გააკონტროლებს.

 

მან დასძინა, რომ გამოძიებაში ასევე მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომლებთანაც უკრაინა აქტიურ კომუნიკაციაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner