„ვიწყებთ ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური მაგისტრალის - კოსტავას გამზირის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ვიწყებთ ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური მაგისტრალის - კოსტავას გამზირის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოებზე ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება. მოგეხსენებათ, უკვე წლებია კოსტავას ქუჩა - ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი - სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან აწუხებს თითოეულ ადამიანს ვინც აქ ცხოვრობს და გადაადგილდება. დაგეგმილი გვაქვს გზის საფარის სრულად განახლება, ახალი განათების სისტემის მოწყობა, საფეხმავლო და ველო ბილიკების კეთილმოწყობა და გამწვანება.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია - არის სოფელ ოზურგეთი-ნატანების შიდა სახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა სამუშაოების პირველი ეტაპი და უახლოეს პერიოდში მთლიანად დასრულდება გზის საფარის მოწყობა. გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების წინასწარი სპეკულაციები ამ თემაზე, რომ სამუშაოები ნელი ტემპით წარიმართებოდა და პროექტს ვერ დავასრულებდით - სინამდვილეში, 25 დღეში მოხდა ძირითადი სამუშაოების განხორციელება და პირველი ფენა ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.
მისივე თქმით, ასევე დასრულდა ანასეულის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სოფელ დვაბზუში შიდა საავტომობილო გზის მოწყობა.