კიევში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
სახელმწიფო მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის უახლესი დახმარების შესახებ.
ენტონი ბლინკენიც თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
აშშ 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ რუსეთის მხრიდან.
დახმარების პაკეტიდან, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება შემდეგ სახელმწიფოებს შორის: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.