აშშ 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ რუსეთის მხრიდან.
დახმარების პაკეტიდან, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება შემდეგ სახელმწიფოებს შორის: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დახმარების მიზანია დაეხმარონ ქვეყნებს დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ნატოში სამხედრო ინტეგრაციის გაძლიერებით და რუსეთის გავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით.
„ეს დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის მომავლისადმი, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ასევე მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.