logo_geo
eng_logo
რუსულმა მხარემ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმება გაასაჯაროვა
- +

8 სექტემბერი. 2022. 19:32

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ თავის საიტზე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ობიექტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადადის, უძრავი და მოძრავი ქონება შედის მიწის ნაკვეთების და შავი ზღვის აკვატორიის გარდა. აფხაზური მხარე მას რუსეთს უსასყიდლოდ გადასცემს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.

 

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, სადაც ობიექტი მდებარეობს და შავი ზღვის აკვატორია, რომელიც ობიექტს ესაზღვრება, ის რუსულ მხარეს იჯარის წესით 49 წლით გადაეცემა. თითოეულ ნაკვეთში გადასახადი 1 რუსულ რუბლს (4,6 თეთრს) შეადგენს.

 

რუსული მხარისთვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს, სოხუმთან შეთანხმებით,  კაპიტალური მშენებლობის წარმოება შეუძლია. აშენებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე რუსული მხარეა.

 

რუსული მხარე გამოიყენებს ამ ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის აკვატორიას სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად იმ პირთა მონაწილეობით, ვისაც სახელმწიფო დაცვა ეკუთვნის და მათი გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის.

 

დაუშვებელია ობიექტის ექსპლოატაცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების საზიანოდ.

 

მხარეთა შეთანხმებით, დოკუმენტის გაფორმება 49 წლით ხდება და მისი მოქმედება მომდევნო 15 წლით ავტომატურად გრძელდება, თუ არცერთი მხარე მეორე მხარეს წერილობითი ფორმით ხელშეკრულების გაწყვეტის სურვილის შესახებ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე არ აცნობებს. ამასთანავე, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა უძრავ და მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას არ შეეხება.

 

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსული მხარისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს იყო ხელმოწერილი. მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტის მიერ რატიფიცირება. ოკუპირებული რეგიონის ოპოზიცია და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოდან სასწრაფოდ უკან უნდა იყოს გაწვეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner