გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერა. კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისში გამოვლინდა.
ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ - სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, შემდგომი განხილვის მიზნით, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა.