"ეს არის უბრალოდ უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურები, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება, - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ანგარიშის ავტორი, არც კი დაფიქრებულ რა დაწერა.
„ვნახე ეს ანგარიში, ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა, ეს არის ტიპური ბიუროკრატიული ანგარიში და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ავტორი, რომელიც სადღაც შორს ზის, არც კი დაფიქრებულა რას წერს. სხვადასხვა ორგანიზაციაში მე ნამუშევარი ვარ და წარმომიდგენია, რომ ეს ჩვეულებრივი ბიუროკრატიული პროდუქტია, რომელიც დაეყრდნო, ითქვა კიდეც, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ოფისის მონაცემებს და მათი პოზიცია ვიცით. ის ანგარიში საქართველოს არ შეეხება სხვათა შორის, არის იმაზე, ზოგადად მსოფლიოში როგორი მეთოდებით, ინსტრუმენტებით მოქმედებს USAID და მაგალითად აქვთ ეს მოყვანილი და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაწილი ჩადეს ამ ტექსტში. USAID-ის წარმომადგენლები საქართველოშიც არიან და შეგიძლიათ კითხოთ და მიიღებთ მათგან განმარტებებს. ეს არის უბრალოდ უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურები, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლის მონაცემებსაც USAID-ის ანგარიში ეყრდნობა, პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.
„სამწუხაროდ ზოგიერთ ორგანიზაციას შექმნილი აქვს ხელოვნურად რეპუტაცია, ამ რეპუტაციით სარგებლობს და მერე რასაც იტყვის ეს ორგანიზაცია, ამას იღებენ როგორც ჭეშმარიტებას სხვები. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს და ფორუმებზე წვდომა აქვს, მისი სიტყვა შეიძლება ასე პირდაპირ აღმოჩნდეს რომელიღაც ანგარიშში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა იმას აქვს, რა არის სიმართლე და რეალობა და არა იმას, ვინ რას ამბობს.
ცნობისთვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“.