ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
... ან რა გააკეთა, ან, რა გააფუჭა
(ციკლიდან: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!")
ერთ პერსონა, რომელიც სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ დიდი ზარ-ზეიმით წარადგინეს როგორც ერთერთი სახე და ლიდერი პაატა ბურჭულაძის პარტიისა, მოულოდნელად (!) და ხმაურიანად გაემიჯნა(!) ამ პოლიტიკურ გუნდს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მედიამ ამ "ნაბიჯისგან" რაღაც "მოვლენა" , ანუ, ტრადიციული "სკანდალი" შექმნა.
გამოხმაურებები, რა თქმა უნდა არის. ზოგი აქებს და ულოცავს ამ "გმირულ" ნაბიჯს, ზოგი მოღალატესაც უწოდებს მას.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაცი, ეტყობა, ჯერ ამბობს, აკეთებს და მერე ფიქრობს, რა ვთქვი, რა გავაკეთეო...
მახსოვს, ერთხელ, როცა მის ასაკოვან კოლეგას "პოლიტიკურად" ლანძღავდნენ მოდელირებულ-მოჟურნალისტო ბანოვანი აქტივისტები, ნებაყოფილობით აუბა მხარი მათ და კომენტარებში "ამოშაქრა": მაგ კაცს არ შევხვედრივარ, არ მისაუბრია, თვალით არ მინახავს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება ვერ არის კარგი ადამიანიო...
დაუწუნე ახლა ამ ბრძენ კაცს ლოგიკა, ან, საერთოდ, კითხე ჭკუა...
აი, გამოცდილი, ავტორიტეტული და დამსახურებული კოლეგის-მერაბ ხაჩიძის პოსტში კი ჭკუაც ჩანს, ლოგიკაც და ჭეშმარიტების მარცვალიც: "სერიოზულად გეკითხებით: რომ არ წამოსულიყო და იქვე დარჩენილიყო - ვისთვის რა ფეხები უნდა მოეჭამათ (პოლიტიკურად)- :)
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი ძველი ისტორია გამახსენდა და...
სტალინის გარდაცვალებისთანავე საქართველოში ხელმძღვანელობა სასწრაფოდ შეიცვალა და ერთი-ორი თვის წინათ დანიშნულ კადრებს ფაცი-ფუცით ცვლიან ბერიას დანიშნული მაღალჩინოსნებით.
ჰოდა მიადგნენ მიხეილ ლელაშვილს, რომელიც სულ რამდენიმე კვირით ადრე იყო დანიშნული მაღალ თანამდებობაზე. ისიც იმიტომ, რომ საქართველოში ბოლო სტუმრობისას, სტალინს მოუკითხავს მისი ახალგაზრდობის მეგობრის, ამ ქვეყნიდან ადრე წასული რევოლუციონერის ლელაშვილის მემკვიდრეები და რომ გაიგო, მისი სისხლი და ხორცი რიგითი ხარატი იყო, სინანულით და გაკვირვებით უთქვამს, მეტს ვერ მიაღწიაო?...
და დატრიალდა "ბედის ჩარხი"- სასწრაფოდ "შეუქმნეს" ამ კაცს კარიერული ზრდის "პირობები" და შესანიშნავი ხარატი უცებ გადააქციეს ჩინოვნიკად - გაზარდეს და დანიშნეს გამოსაჩენ ადგილზე. მაგრამ, უცებ სტალინი აღესრულა და...
წავიდა კლასიკა-კადრების მორიგი ძირფესვიანი ჯიჯგნა-გადახალისება.
ერთი სიტყვით, დაუძახეს მიხეილ ლელაშვილს "იქ, სადაც ჯერ არს" და გამოუცხადეს, უნდა წახვიდეო... მიზეზი რომ მოიკითხა, ვერაფერი უთხრეს და პრეტენზიულად განაცხადა: მანამდე ფეხსაც არ მოვიცვლი, ვიდრე არ მეტყვით... ან რა გავაკეთე, ან რა გავაფუჭეო!
ასეა ამ შემთხვევაშიც: მართლა, ან რა გააკეთა, ან რა გააფუჭა გაპოლიტიკოსება-ვერმოსწრებულმა ჟურნალისტმა?!
არც არაფერი!..
თუმც, არა, გააფუჭა!
დიახ, გააფუჭა, ოღონდ ისე, რომ ავნო არა სხვას, არამედ საკუთარ თავს: მიიკრა იარლიყი მედროვე კაცისა!
და ამ იარლიყის ჩამოშორებას ვეღარ უშველის იმის "მტკიცება", რომ იგი, თურმე, წინააღმდეგი იყო ბურჭულაძის გუნდის ბლოკად გაერთიანებისა სხვა "მონათესავე" პარტიებთან...
წინააღმდეგი კი არა, კვატი!
მავანს ზოგჯერ ავიწყდება, რომ საზოგადოება საკმაოდ არის ჩახედული პოლიტექნოლოგიებში. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგიერთი ცანცარა ბიჭუნა დაიბადებულიც კი არ იყო. ამიტომ არის ძნელი ვინმე გამოცდილი ადამიანის გაცურება-დაბოლება. ახლაც ასეა, არ გამოვიდა, რამეთუ პაატამაც იცის ეს ტექნოლოგიები. აბა, "იავნანას" პოპულარობა მარტო მისმა ბანმა კი არ შესძინა - სახელმა. ცოდნამ. ურთიერთობებმა. მოხერხებამ. გუნდმა. გათვლამ...
სხვათაშორის, კარგად ვიცნობ მას, ვახლობლობ და ვიცი: ჯერ-ჯერობით მისთვის უცხო პოლიტიკურ ასპარეზზე შეიძლება რამე შეეშალოს, ან, მეგობარ-ახლობლების შერჩევაშიც მოუვიდეს შეცდომა, თორემ ისე ვერ დაუწუნებ გაბედულებას, ვერც ხმას და ვერც ინტელექტს. მით უმეტეს იუმორს, რომლის კლასიკური მაგალითიც თავად პაატამ მოგვცა, როცა მადლობა უთხრა სუს-ს, რომელმაც, თურმე, "შედეგიანად იღვაწა და მის პარტიას ჩამოაშორა სუსტი ადამიანები". კარგია და დასაფასებელი ადამიანი, რომელსაც "მძიმე წუთებშიც" კი არ ღალატობს იუმორის გრძნობა!
რაც შეეხება იმ "პრინციპულ" ახალბედა პოლიტიკოსს, მინდა დავამშვიდო ზემოთ გახსენებული ისტორიის ფინალით.
ჩვენი პაწია მოგონების გმირი- ბატონი მიხეილ ლელაშვილის სასწრაფოდ მოხსნა მაშინ ვერ შეძლეს, რამეთუ ვინც უპირებდა "განადგურებას" თავად მიაყოლეს უკვე დაპატიმრებულ ბერიას. იგი წლების მანძილზე ერთ-ერთ გამოსაჩენ თანამდებობაზე იყო-საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. ეს უფრო ცერემონიული პოსტი გახლდათ და ეს უაღრესად წესიერი კაცი დროს იმით კლავდა, რომ ჩხირკედელაობდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) თავისივე კაბინეტის უკან, მოსასვენებელ ოთახში (ახლანდელი პარლამენტის შენობაში) გაწყობილ პაწია სახარატო დაზგაზე და მასთან იშვიათად შესულ ზოგიერთ მნახველს (მათ შორის ერთი-ორჯერ მეც) საკუთრივ გამოჩარხული ნაკეთობებით აკვირვებდა. ფაქტია, ეს საქმე კარგად იცოდა და გამოსდიოდა.
ასეა ცხოვრების სხვა სფეროებშიც.
ამიტომ, უპრიანია იცოდეს, რომ პოლიტიკაში ორ-სამ-კვირა- ნამყოფი ყოფილი ჟურნალისტისთვის პერსპექტივა არ დაკარგულა და მამისტოლა კოლეგისგან მიიღოს კეთილი რჩევა: აკეთოს ის, რაც მეტ-ნაკლებად იცის. მიუხედავად იმისა, რომ იმ სფეროშიც ბევრი რამ აქვს შესასწავლი და ცოტას თუ დაამატებს "სხვა რამესაც" (მაგალითად, მეტ რიდსა და პატივისცემას უფროსი თაობისადმი, კოლეგებისადმი), შეიძლება მაგარი პროფესიონალისა და კარგი(!) კაცის(!) სახელიც მოიხვეჭოს.
P.S.: ეს რჩევა მეტწილად თუ არა, თანაბრად მაინც ეკუთვნის ბევრ სხვასაც. ჭკვიანებმა დროზე "უშველეს" თავს... ნახეთ, აგერ, ასანიძე! მიხედა იმ საქმეს, რაც მართლა კარგად იცოდა და გაახარა საქართველო ლაშა ტალახაძის ოქროთი. მაგალითს დიდი ძალა აქვს და სხვაც თუ მიბაძავს მას, ყველანი მოვიგებთ. თორემ, ნამენეტნავად მოგვიმრავლდნენ პოლიტიკურ "რინგზე" მოასპარეზენი, ვინც ამ "სპოტული სახეობის" ანაბანაც კი არ იცის და, სავარაუდოდ, ელის (იმსახურებს) კიდეც... ნოკაუტს!
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=19485