ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ, შესაძლოა, პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესებას ეწინააღმდეგებიან, არიან იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.
7 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს.
„ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ ამას. [ევროპას] არაფერს მივაწოდებთ, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ ინტერესებს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს - არაფერს მივაწვდით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.