უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხარკოვის რეგიონში, დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაქლეას საოკუპაციო „პოლიციის“ ე.წ. უფროსი დააკავა.
„დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი სამართალდამცავების ოკუპანტებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის შემუშავების ფარგლებში, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა, უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვასთან ერთად, ხარკოვის რეგიონში შეძლეს მოღალატის სწრაფად იდენტიფიცირება, რომელიც ხელმძღვანელობდა საოკუპაციო ხელისუფლების პოლიციის განყოფილებას ბალაქლეაში.
როდესაც დამპყრობლები მივიდნენ, ის ნებაყოფლობით დათანხმდა მათთან თანამშრომლობას. ამისთვის მან საოკუპაციო განყოფილების უფროსის პოსტი მიიღო“, - წერს გამოძიების სახელმწიფო ბიურო.
მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განდევნეს დამპყრობლები ბალაქლეადან, მოღალატემ გადაწყვიტა გაქცევა ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკაში“, მაგრამ ვერ მოახერხა - ის დააკავეს ქალაქ კუპიანსკში.