2022 წლის 11 სექტემბერს, 03:41 საათზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკი გაითიშა ელექტროქსელიდან. მის გასაგრილებლად და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად მზადება მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ენერგოატომის“ პრესსამსახური Telegram-ში იტყობინება.
„უკანასკნელი სამი დღეა, მე-6 ენერგობლოკი ფუნქციონირებს კუნძულის რეჟიმში, რომელიც ამარაგებს მხოლოდ სადგურის საკუთარ საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრის დონეზე (114-დან 140 მგვტ-მდე), ვინაიდან რუსული დაბომბვის გამო დაზიანებულია უკრაინის ენერგოსისტემასთან ზაპორიჟიეს ატომური სადგურის დამაკავშირებელი ყველა საკომუნიკაციო ხაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ 10 სექტემბრის საღამოს, ერთ-ერთი ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, ატომური სადგურის საკუთარი საჭიროებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკრაინის ენერგოსისტემიდან გახდა შესაძლებელი. ამიტომ გადაწყდა, გამოირთოს მე-6 ენერგობლოკი და გადაიყვანონ ყველაზე უსაფრთხო - ცივ მდგომარეობაში.