logo_geo
eng_logo
ემოციური ქართველი პიანისტის წარმატების საიდუმლო
- +

23 აგვისტო. 2016. 04:12



რუბრიკაში "ქართველები უცხოეთში" დღეს ნიჭიერ ქართველ პიანისტს მარიამ ბაწაშვილს წარმოგიდგენთ.


წარმატებული ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ვაიმარში ცხოვრობს და ფერენც ლისტის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. პირველი პრიზი მან ლისტის მე-10 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. ქართველი პიანისტი საკონცერტო პროგრამით გამოსულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. როგორი იყო პიანისტის შემოქმედებითი გზა, ამის გასარკვევად მარიამს გერმანიაში დავუკავშირდით.


- მარიამ, ცნობილია, რომ ბავშვებს უმეტესად პედაგოგის გამო უყვართ ან სძულთ მუსიკა, თქვენ, როგორც ჩანს, გაგიმართლდათ, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მუსიკის პედაგოგი ნატალია ნაცვლიშვილია...


- ჩემი მუსიკის მასწავლებელს ნატალია ნაცვლიშვილს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ მუსიკალურ, ადამიანურ და სულიერ განვითარებაში. 6 წლიდან დღემდე მისი მოსწავლე ვარ. მუსიკის გაკვეთილებზე ყოველთვის დიდი ინტერესით და მონდომებით მივდიოდი. დღესაც, როცა ვაიმარში ვცხოვრობ და ვსწავლობ ლისტის სახელობის უნივერსიტეტში, ნატალიას გაკვეთილები ჩემთვის პრიორიტეტულია. ეს ადამიანი რეჟისორული ნიჭითაცაა დაჯილდოებული, რადგან პატარა, სულ მცირე დეტალებსაც ხედავს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კამერა, რომელიც შორდება პატარა დეტალს და უკვე ვხედავთ საგნის გარკვეულ ნაწილს, რაც მუსიკაში შეიძლება ფრაზას შევადაროთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო ვაშორებთ კამერას და საგანს უკვე მთლიანად ვხედავთ. ეს უკვე ის ფაზაა, როცა ნაწარმოებს მთლიანად ვხედავთ, ვუყურებთ მის ფორმას, მის აზრსა და მორალს ვწვდებით, ამავდროულად კარგად ვიცით მის შიგნით არსებული დეტალები, რაც შესრულებას აზრს და სიღრმეს სძენს. ნატალია ყოველთვის ავითარებს ჩემს ფანტაზიას, ანუ ის ფაქტი, რომ მუსიკის დაკვრისას საკუთარი სიუჟეტი მქონდეს, მსმენელს იმის საშუალებას აძლევს, რომ მათაც საკუთარი სიუჟეტი ჰქონდეთ, თუნდაც რაიმე წარმოიდგინონ საკუთარი ცხოვრებიდან. მუსიკას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანებში დიდი ხნის მიძინებული გრძნობები გააღვიძოს...



- პირველი პრიზი ფერენც ლისტის მე-10 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვეთ?


- 2000-კაციან დარბაზში სცენაზე დგომა, ფინალური ტურის შესრულება იმ კონკურსზე, რომლისთვისაც მთელი წელი ვემზადებოდი, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. დარბაზში მოწვეულ სტუმართა შორის, დიახ, მართლაც იყო დედოფალი მაქსიმა, რამაც პასუხისმგებლობა გამიძლიერა. მთელი კონკურსის განმავლობაში ნატალია ჩემთან იყო, ბოლო რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა. ძალიან ვნერვიულობდი და მინდოდა ჟიურისა და მსმენელის წინაშე ღირსეულად წარვმდგარიყავი. იმაში, რომ სცენაზე თავის ხელში აყვანა და ნაწარმოების ისე შესრულება შევძელი, როგორც მინდოდა, კონკურსის მოსამზადებელი პერიოდი დამეხმარა. მე და ჩემი საყვარელი ნატა მასწავლებელი მიზნისკენ დიდი სიყვარულით, მონდომებითა და სიამოვნებით მივდიოდით.


- თქვენ საკონცერტო პროგრამით გამოსული ხართ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო ყველაზე ხშირად რომელ ქვეყანაში გამოსვლას იხსენებთ?


- საერთოდ ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ჩემთვის ახალი ქვეყნის, კულტურის გაცნობა, ახალი ნაცნობების შეძენა მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი მსმენელია. ბევრი საინტერესო ისტორია მქონია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა საკონცერტო ტური ჩინეთში, სადაც კონცერტი 5 ქალაქში მქონდა. იქ არსებული თითქმის ყველა დარბაზი 1500-კაციანი იყო და თითოეული სკამის წინ სასმელის ან ნაყინისთვის პატარა მაგიდა იყო დამონტაჟებული. ხალხს უფლება ჰქონდა მუსიკალურ სიამოვნებასთან ერთად მიერთვა კიდეც და, თუ დასჭირდებოდა, დარბაზიდან გასულიყო კიდეც. ერთადერთი აკრძალვა ფოტოების გადაღებაზე იყო დაწესებული. თუ ვინმე ამ კანონს დაარღვევდა და დაკვრის დროს სოლისტს ფოტოს გადაუღებდა, მაშინ დარბაზში მყოფი წესრიგის დამცველები, იმის ნიშნად, რომ ფოტოგადაღება შეეწყვიტა, მას ლაზერს ანათებდნენ. თუ ის მაინც არ შეჩერდებოდა, მაშინ შენიშვნას ხმამაღლა აძლევდნენ, რასაც გვერდზე მჯდომი ხალხის შენიშვნებიც მოჰყვებოდა. ყოველივე ამას ქაოსით შეწუხებული მსმენელის საკმაოდ გრძელი და ხმამაღალი „შშშ..." მოჰყვებოდა. ამ მომენტში სოლისტზე უკვე აღარავინ ფიქრობდა. მეტიც, ერთხელ, მახსოვს, ლაზერი დაკვრის დროს შემთხვევით პირდაპირ თვალებში მომანათეს. ამ დროს ჩემ უკან მყოფი პატარა ბავშვები ცეკვავდნენ და ხტუნავდნენ, იმიტომ, რომ ლისტის მეორე რაფსოდიის საცეკვაო თემას ვუკრავდი.


- სიტყვამ მოიტანა და, ლისტის კონკურსის ორჯერ გამარჯვებული ხართ. ფერენც ლისტი და თქვენ, როგორც ჩანს, ეს თემა თქვენთვის ახლობელია, რატომ?


- ფერენც ლისტის მუსიკაში ყველაფერია: ყველანაირი აზრი, ემოცია, გრძნობა, მორალი, რელიგია, ერთ-ერთი ჩემთვის უმთავრესი - თანაგრძნობა. ლისტის მუსიკის სწორად წაკითხვისას ვხვდებით, რომ ეს იგივეა - წავიკითხოთ ფილოსოფიის წიგნი და ცხოვრებასა და ადამიანებზე მის აზრებს გავეცნოთ. ფერენც ლისტი ხშირად, სამწუხაროდ, ვირტუოზ, ხმამაღალ და ჩქარ, მოკლედ რომ ვთქვათ, ზედაპირულ, არასერიოზულ კომპოზიტორად აღიქმება. ეს შეცდომაა. იმისთვის, რომ ლისტის მუსიკა შეასრულო, ტექნიკური, ფიზიკური შესაძლებლობა მაღალ დონეზე უნდა გქონდეს, მაგრამ ამ დონეზე არ უნდა დარჩე. ეს უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაინახო ამ თეთრ ქაღალდზე დაწერილი პატარა შავი ნოტების იქით რა ხდება, დაინახო ნაწარმოების მორალი და მის აზრს ჩაუღრმავდე, გაიგო, რისთვის დაწერა ლისტმა ეს ნაწარმოები... ის ჩემთვის უახლოესი კომპოზიტორია.


- რომანტიკული, შრომისმოყვარე, ქარიზმატული, ემოციური - აქედან რომელი შეესაბამება თქვენს ნატურას? რომელ თქვენს თვისებას ან ჩვევას ებრძვით?


- აქედან ყველაფერი შემესაბამება, ბრძოლა არც ერთ თვისებასთან არ მაქვს. უბრალოდ, ვისურვებდი, ნაკლებად ემოციური ვიყო, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და ზოგჯერ უმნიშვნელო რამემაც შეიძლება, გული მატკინოს.


- გადატვირთულ რეჟიმში გიწევთ მუშაობა, კონცერტებს შორის რით ახერხებთ განტვირთვას?


- კონცერტებს შორის ძირითადად ვმეცადინეობ, რადგან თითქმის თითოეულ კონცერტზე სხვადასხვა პროგრამა მაქვს შესასრულებელი. მიყვარს სახლში ყოფნა, მეცადინეობა, კითხვა, გვიან ღამით ან გამთენიისას სეირნობა...


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner