როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში ირიბად, სხვადასხვა პროექტების სახით პრაქტიკულად ყველა მოსახლეს შეეხება, - წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.
„როგორც წლის დასაწყისიდან ვპროგნოზირებდით მიმდინარე წელი ეკონომიკა ბევრი მიმართულებით იქნებოდა რეკორდული, მიმდინარე ბიუჯეტის კანონის ცვლილებაც ამას ადასტურებს. 3,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა ექსპორტმა, რაც 36,4%-ით აჭარბებს გასულ წელს. სადაც, განსაკუთებით აღსანიშნავია 2,2 მლრდ აშშ დოლარიანი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით პირველი 7 თვეში 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 87% შეადგინა, ცალკეულ თვეების მიხედვით გადაასწრო კიდეც. დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა 21 %-ით გაიზარდა; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 და 2020 წლების მაჩვენებლებს აღემატება. ყველაფერმა ერთად ჯამურად პირველ 7 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოგვცა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ 8,5%-ით განსაზღვრა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც მანამდე 6% იყო. მშპ მოსახლეობის ერთ სულზე აჭარბებს 6500 აშშ დოლარს. ხოლო, ნომინალში მშპ 72,2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა. რაც მთავარია ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიც იზრდება 1 266 მლნ ლარით და 16 824 მლნ ლარი შეადგენს“, - წერს ოთარ ანგურიძე.
მისი თქმით, მიმდინარე წელს ასეთი მასშტაბური ფინანსური რესურსების მობილიზება იძლევა საშუალებას, რომ ერთი მხრივ მთავრობამ უარი თქვას დამატებით ვალის (710 მლნ ლარი) აღებისაგან და მეორე მხრივ, მოახდინოს არსებული ვალის შემცირება და დავიდეს მშპ-ს 40%-მდე. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 4,4%-ისა შემცირდეს 3,2%-მდე.
„როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში ირიბად სხვადასხვა პროექტების სახით, პრაქტიკულად, ყველა მოსახლეს შეეხება. ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ განხორციელდეს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური პროგრამები, მეტი ხელშეწყობა კერძო სექტორს და მეტი ახალი რეფორმა, რაც მისცემს ქვეყანას მომავალი წელი იყოს უფრო სტაბილური და მაღალ ზრდაზე ორიენტირებული“ - წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.