logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური და დინამიკური განვითარების მნიშვნელოვან პირობას საგარეო ვაჭრობის, პირველ რიგში, ექსპორტის ზრდა წარმოადგენს
- +

13 სექტემბერი. 2022. 12:12

 

 

„საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური და დინამიკური განვითარების მნიშვნელოვან პირობას საგარეო ვაჭრობის, პირველ რიგში, ექსპორტის ზრდა წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ექსპორტმა 2022 წლის აგვისტოში 470.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 40.4 პროცენტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ წლის გავლილი 8 თვიდან 5 თვეში ექსპორტის მატება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 40 პროცენტზე მეტია! „ტრადიციულად“, ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება იმპორტის ზრდის ტემპს.  აგვისტოს იმპორტმა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით მოიმატა 39.7 პროცენტით და 1213.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2022 წლის აგვისტოში შეადგინა 38.8 პროცენტი, ხოლო მთლიანად იანვარ-აგვისტოში - 42.7 პროცენტი.

 

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპი დაახლოებით 1.6-ჯერ უსწრებს ეროვნული პროდუქტის ნომინალური ზრდის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის საგარეო სავაჭრო ექსპანსიის მყარ ტენდენციას.

 

ექსპერტის თქმით, აღნიშნული წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი განხორციელდა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში (ლარი აშშ დოლართან 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით გამყარდა 11.0 პუნქტით).

 

„ექსპორტ-იმპორტის, მთლიანად სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის გაზრდილ პოტენციალს, ქართული პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას, ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის საგრძნობ მატებას და საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლისა და რეექსპორტის მატებაში. - წლის პირველ შვიდ თვეში რეექსპორტი გაიზარდა 42.7 პროცენტით და 875.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წელს ყოველდღიურად რეექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობა თითქმის ერთი მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

მსოფლიო ვაჭრობაში საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესება უკავშირდება, ერთი მხრივ, სამამულო ბიზნეს-სექტორის საქმიანობის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას, მეორე მხრივ კი ხელისუფლების მიზანმიმართულ, რაციონალურ პოლიტიკას - როგორც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის, ისე საგარეო ვოლატილობის და მომეტებული რისკების პირობებში ქვეყანაში მშვიდი და მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner