საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები.
„ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები. გამოვრიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის", - განაცხადა იზორიამ.
რაც შეეხება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდს, მინისტრის განმარტებით, შესაძლოა, ძებნაში მათი მონაწილეობა დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდეს.
„თავიდანვე მათი განცხადება და სურვილი იყო, რომ გვყოფნოდა მოთმინება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
გეგმური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.