აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკული კომპანიის „შოფ არქითექთს“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკული კომპანია „ბათუმი აილენდის“ პროექტზე იმუშავებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს ბათუმის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. „ბათუმის აილენდის“ უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობის შექმნისთვის საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი იქნება თანამედროვე და ბათუმზე მორგებული. კომპანია „შოფ არქითექთს“-ს ინოვაციური პროექტების საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი“ განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.