„მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო, ეს შეესრულებინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვიდრე გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, იგი არ იცნობდა ივანიშვილს. მისი თქმით, გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად 2018 წელს შეხვდა.
„მარტივ რამეს ვიტყვი, რომელსაც უამრავი მოწმე ჰყავს - ზუსტად მაშინ, როდესაც გოგაშვილი პარტიაში იყო, 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში, მე მახსოვს და ამას ესწრებოდა დაახლოებით 15 ადამიანი, იქ გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ანუ, ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია, გაცნობის საშუალება რომ მომეცაო, - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან“, - განაცხადა კობახიძემ.