logo_geo
eng_logo
უნგრელი პოლიტიკოსი საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად ღორის თავების განთავსების იდეით გამოვიდა
- +

23 აგვისტო. 2016. 11:26



უნგრელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი დიორდ შოპფლინი მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად საზღვარზე ღორის თავების განლაგების ინიციატივით გამოვიდა.


ამ სკანდალური განცხადების შემდეგ შოპფლინი ქსენოფობიასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს.


შოპფლინმა განცხადება „Tvitter"-ში გააკეთა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპული განყოფილების თანამშრომელმა ენდრიუ სტრილიაინმა 19 აგვისტოს "ტვიტერში" გაავრცელა „The Washington Post"-ის სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნგრეთის საზღვარზე მიგრანტების შესაშინებლად საფრთხობელები დააყენეს. მომდევნო დღეს შოპფლინმა უფლებადამცველს უპასუხა, რომ მიგრანტების შეშინება უფრო ეფექტიანი ღორის თავებით იქნება.


ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, უნგრელმა პოლიტიკოსმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ბოდიშის მოხდის აუცილებლობას არ ხედავს, რადგან არავინ დაუმცირებია.


უნგრეთმა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად მკაცრ ზომებს მიმართა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მაღალი ღობეა აღმართული, რომლის გასწვრივ უნგრეთის არმია პატრულირებს. ოქტომბერში უნგრეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის დროსაც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას, ეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის გეგმას ევროპულ ქვეყნებში მიგრანტების კვოტირების სისტემით განაწილების შესახებ.


76 წლის შოპფლინი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია. ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში და სხვა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექციებს. უნგრელი პოლიტიკოსი 1970-იან წლებში ტელეკომპანია „BBC"-ში მუშაობდა. ის ევროპარლამენტში 2004 წელს აირჩიეს..




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner