logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: თუ 2022 წლის ბიუჯეტში 6% ეკონომიკური ზრდა იყო გათვალისწინებული, ცვლილებების შემდეგ ეკონომიკური ზრდა 8,5%-მდე არის გაზრდილი
- +

15 სექტემბერი. 2022. 14:09

 

 

„მთავრობის სწორმა მუშაობამ დღის წესრიგში საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირება დააყენა. ეკონომიკურმა გუნდმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით კოლოსალური სამუშაო შეასრულა, გარკვეულ ეტაპზე მათ დანის წვერზე სიარული მოუხდათ, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკის წყალობით ეკონომიკურ აღმასვლას და სტაბილურ განვითარებას მიაღწიეს, მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკა არათუ ზრდას, არამედ შემცირებას და სტაგნაციას განიცდის, საქართველოს კვლავ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება ცალკეული პროგრამების თუ სამინისტროების დაფინანსება.

 

„ლოგიკურია, რომ პარლამენტი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს განიხილავს, საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობა შემოსავლების ნაწილის უპრეცედენტო ზრდამ გამოიწვია, ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ასევე, იზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. თუ 2022 წლის ბიუჯეტში 6% ეკონომიკური ზრდა იყო გათვალისწინებული, ცვლილებების შემდეგ ეკონომიკური ზრდა 8,5%-მდე არის გაზრდილი.

 

მნიშვნელოვნად იზრდება ცალკეული პროგრამების თუ სამინისტროების დაფინანსება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 210,0 მლნ ლარით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 150.0 მლნ ლარით იზრდება. თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცთა ბინების მშენებლობა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა; იზრდება შსს - დაფინანსება, მალე დაიწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1 100-ზე მეტი ბინის მშენებლობა იგეგმება.

 

ასევე, სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი; სპორტის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა დამატებით 43 მლნ ლარი. თბილისში ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს ემატება 130 მილიონი ლარი; ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით და ა.შ.

 

ბიუჯეტის ახალ პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგარეო ვალის 711 მილიონი ლარით შემცირებაა, თავდაპირველად დაგეგმილი 3.05 მილიარდის ნაცვლად, 2.34 მილიარდი ლარი იქნება“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner