logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: სოციოლოგიურ გამოკითხვებს განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიანიჭებთ
- +

23 აგვისტო. 2016. 12:10



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სოციოლოგიურ კვლევებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ.


ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გერმანული კომპანია GFK-მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ჟორჟოლიანის თქმით, მან არ იცის, ვინ გამოაქვეყნა აღნიშნული კვლევა და შესაბამისად, ვერაფერს იტყვის იმ ჯგუფის კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე, ვინც ეს გამოკითხვა განახორციელა.


„ზოგადად, მე ვარ სკეპტიკურად განწყობილი ამ ტიპის გამოკითხვების მიმართ იმიტომ, რომ მეთოდოლოგიური სირთულეებია, რომელიც ზოგადად, ახასიათებს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ ამას ნურც ჟურნალისტები, მითუმეტეს, საზოგადოება.

 

არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ხალხმა ხმა მისცეს. ვფიქრობ, გარდა მეთოდოლოგიური ხარვეზებისა, არსებობს მანიპულირების მომენტიც. ამ შემთხვევაზე ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი. ზოგადად, ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვასთან დაკავშირებით არსებობს როგორც გარკვეული მანიპულირების სტიმულები, ასევე ხშირად პოლიტიზირებულია ეს გამოკითხვები. ამიტომ მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:


„ქართული ოცნება" - 25.8%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 25.5%; „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე"- 6.9%; ლეიბორისტული პარტია - 3.7%; „თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია"- 2.9%; „პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი"- 1.6%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1.4%; რესპუბლიკური პარტია - 0.5%; „პოლიტიკური ცენტრი გირჩი"- 0.4%; „ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე" - 0.4%;


არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" აირჩია 19%-მა;


კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner