logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი ეფრემი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს
- +

16 სექტემბერი. 2022. 23:13

 

 

თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს, - ასე მიმართა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

შეხვედრის ვიდეო-კადრებს საპატრიარქოს ტელევიზია დღეს ავრცელებს.

 

არქიმანდრიტის თქმით, ღმერთი პატრიარქს გონების ისეთ განათლებას მიანიჭებს-ხოლმე, რომ შეიძლება ითქვას, იგი ყველა სიტუაციას ზებუნებრივი გონიერებით უმკლავდება.

 

„ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ. დიდი მოკრძალება გვაქვს თქვენდამი და ვმადლობთ ღმერთს, რომ აგრძელებს თქვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყოფნა საჭიროა. თქვენ სჭირდებით საქართველოს, თქვენ სჭირდებით ეკლესიას, თქვენ სჭირდებით მთელ სამართლმადიდებლოს. ეკლესიის ძალაც ხომ საიდუმლოა. ეკლესიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც თავისი თავი გააიგივეს ეკლესიის ცხოვრებასთან, როგორც თქვენ, ისინი აფრქვევენ საიდუმლო ძალას და მათი ლოცვით ეკლესიაშიც და მღვდელმთავართა შორისაც არსებობს წონასწორობა საჭეთმპყრობელის ლოცვის ძალით. ამიტომ, თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს და ასე იღებს.

 

თქვენს წმინდა პიროვნებას ეს საიდუმლო ახლავს - ის, რომ თქვენ პატივს გცემენ არა მარტო ეკლესიური და მორწმუნე ადამიანები, არამედ არაქრისტიანებიც, მუსლიმანებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ სიზუსტით იცავთ ეკლესიის სწავლებას, გონების ისეთ განათლებას მოგანიჭებთ-ხოლმე ღმერთი, რომ შეიძლება ითქვას, ზებუნებრივი გონიერებით უმკლავდებით ყველა სიტუაციას. ზოგჯერ შეიძლება ამხილოთ კიდევაც ადამიანი, მაგრამ თქვენი მამხილებელი სიტყვაც ყველასთვის ხდება ნუგეში. ეს არის ის საიდუმლო, რომელიც თქვენს პიროვნებას ახასიათებს. შეიძლება ითქვას, რომ არის განსაკუთრებული საღვთო ნიჭი, რომელიც ალბათ ერთეულებს აქვთ, უფრო სწორად კი რჩეულებს, ღმერთის ნამდვილ მონებს.

 

ხშირად მიფიქრია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ რომ პატრიარქი გახდით, ეკლესია ფაქტობრივად, ძლივძლივობით არსებობდა. დღეს კი ღმერთის წყალობით უამრავი წევრი ჰყავს ეკლესიას, გაიზარდა სამრევლოები, მორწმუნეები და ხალხიც ეკლესიაში რეგულარულად დადის, მაგრამ როგორც ბრძანეთ, ბევრი ლოცვაა საჭირო, რადგან ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ათონზეც უკვე წირვა-ლოცვა აღესრულება ქართულად, რაც თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო. მრავალი წელი არ აღესრულებოდა წირვა-ლოცვა ქართულად ათონის მთაზე.

 

ქართველი ერი მრავალტანჯული ერია. ძალიან შეგვაყვარა თავი. ათონის მთაზეც ბევრმა შეიყვარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვატოპედის მონასტერს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობა საქართველოსთან. ბევრი თქვენი თანამემამულე სტუმრობს ჩვენთან“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner