logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე NDI-ს კვლევაზე: მმართველი გუნდის 25% რეიტინგი არჩევნების დროს ხმების 44-46% ნიშნავს
- +

17 სექტემბერი. 2022. 15:31

 

 

„NDI-ის გამოკითხვამ ოპოზიცია სარკეში ჩაახედა, საზოგადოებაში ოპოზიციის რეიტინგი ყოველთვიურად ეცემა, რაც ცუდია დემოკრატიისთვის. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია, მისი კლასიკური განმარტებით არ არსებობს, ჩვენთან არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დაშორებულია მოსახლეობის ინტერესებს და პირადი სარგებლისთვის მოქმედებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე NDI-ს მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევას.

 

მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ოპოზიცია ხალხის პოზიციის საპირისპირო მხარეს მოძრაობს, რაც, მისივე თქმით, მათ რეიტინგზე მყისიერად აისახება:

 

„გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ოპოზიცია დიდი ხანია ამბობს, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს. აღნიშნული ორი შედეგიდან ნათლად ჩანს ოპოზიციის პრობლემა, ისინი ხალხის პოზიციის საპირისპირო მხარეს მოძრაობენ, რაც მათ რეიტინგზე მყისიერად აისახება.

 

გამოკითხვაში საინტერესოა ინსტიტუტების (პიროვნების) რეიტინგი, ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 61% აფასებს, NDI როგორც წესი ტენდენციურობით გამოირჩევა, მაგრამ იმდენად მაღალი იყო ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ.

 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის რეიტინგებს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 25% უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 8%, სხვა პარტიებს 13%, არცერთ პარტიას (თავს იკავებს პასუხისგან) 54% . ოპოზიციამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ 54%-ში მათი პოტენციური მხარდამჭერები არიან, რადგან წინა კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი გუნდის 25% რეიტინგი, არჩევნების დროს ხმების 44-46% ნიშნავს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner