საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პიტერ ფიშერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა გერმანიის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზეც და აღნიშნეს მათი მნიშვნელობა საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის.
ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და მისი მთავრობა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათი მხარდაჭერისა და სამომავლო კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.