„ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მიუქცევია იმხელა ყურადღება სოფლის მეურნეობისთვის, როგორც დღეს.
„ეს სახელმწიფო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქარელისთვის, სადაც მრავალწლიანი ნარგავების მოშენების უდიდესი კულტურა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისკენ მიმართული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება ბევრი პრობლემის გადაჭრა. დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნების გაძლიერებას," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, თითოეული მოქალაქის ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა, რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმით მიიღწევა. პრემიერმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა მომავალ პროექტებში რეინვესტირდება.
„ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით იმ მემკვიდრეობაზე, როდესაც საგადასახადო ინსტიტუტები ბიზნესზე წნეხისთვის იყო გამოყენებული და უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად უნდა დავიწყოთ და სად უნდა დავასრულოთ ოთხ წელიწადში, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელების კომპეტენცია, გამოცდილება, ხალხთან კავშირი და ქვეყნის სიყვარული ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას.