ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება. პროტესტი არ ცხრება მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა, რომელიც „ჰიჯაბის არასათანადო ტარებისთვის“ დააკავეს.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან, თმას იჭრიან და სკანდირებენ „სიკვდილი დიქტატორს!“.
დემონსტრანტები ასევე ანადგურებენ სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებს, ცეცხლს უკიდებენ მანქანებს, ბლოკავენ თეირანის ქუჩებს. უკვე ცნობილია რამდენიმე დაღუპულისა და ასობით დაშავებულის შესახებ.
მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.