თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ბიუროს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართულ პოლიციას, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართულ პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას, გუშინ ქუთაისში წარმატებული და ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებისთვის, რომლის შედეგად დამნაშავე დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის საქმიანობაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით ვახტანგ გომელაურის ლიდერობის და მენეჯმენტის პირობებში დამკვიდრებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი პროფესიული სტანდარტი და კიდევ ერთხელ ადასტურეს იმას, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის , ღირსების და ყველა ფუნდამენტური უფლების განუხრელი დაცვა, რასაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებები. მინდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ასევე პოლიტიკის მიღმა მყოფ ადამიანებს ადამიანურად ვუთხრა, ვინც გუშინ ცინიზმით და ქილიკით საუბრობდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობაზე და , სამწუხაროდ, დიდი იმედით ელოდა გუშინდელი დღის ტრაგიკულად დასრულებას, ჩაიხედონ საკუთარ გულში და ყველაფერს ნუ იყენებენ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ამოცანებისთვის“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ .