საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა, რომ მისი აზრით, საზოგადოების ერთადერთი უტყუარი, ვალიდური განწყობა არჩევნებია.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებულ რამდენიმე კვლევის შედეგს გავეცანი. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ აშკარა კითხვის ნიშნები არსებობდა. კვლევების შედეგები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, მინიმუმ დიდ განსხვავებაში იყო. ბოლო კვლევის შედეგები ვნახე, ჩემი აზრით, ერთადერთი უტყუარი, ვალიდური განწყობა საზოგადოების, ეს არის არჩევნები, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. ეს იქნება საბოლოო პასუხი საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე", - განცხადა დავით სერგეენკომ.
გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების" რეიტინგი 35.9 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობის" კი - 34.2 პროცენტია. აღნიშნული კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა.